1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
მოდი, გამოვტყდები, მაინც არა არს დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს – მგონი წელს არც წამიკითხავს არაფერი მაინცდამაინც. ყოველ შემთხვევაში, ხელში რომ წიგნი ამეღოს, ყდისთვის დამეხედოს და მერე გადამეშალოს ამ წიგნის წაკითხვის მიზნით – ეგეთი არაფერი მახსენდება. სამაგიეროდ, რამდენიმე მილიონ ვიდეოს ვუყურე იუთიუბზე და რამდენიმე გიგაბაიტი ინფორმაციაც მივიღე ზოგადად, იშვიათად ამოვიბეჭდავ ხოლმე რაღაცას, როცა ვხვდები, რომ იმ ფურცელს მინდა შევეხო, რომელზეც წერია ესა თუ ის.
საშინელება გავხდი, ფუქსავატი, რა ქვია ამას კიდევ.. აა, თუმცა ერთი წიგნი გამახსენდა, ერთი რეალური წიგნი, რომელიც წელს ხელში მეჭირა და ისე წავიკითხე (და არა კომპიუტერის ეკრანიდან). ინგლისურად წავიკითხე, მართალია, დიდი მოინგლისურე არ ვარ, მაგრამ წიგნი ფანტასტიკური ენით არის დაწერილი. ენაზე გავფანატდი პირველ რიგში:
If nobody speaks of remarkable things - Jon McGregor
2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
იოზეფ ფონ აიხენდორფი – ბავშვობაში სკოლაში მასწავლიდნენ მის ლექსებს გერმანულად, ერთ–ერთ მათგანზე დღემდე ვგიჟდები – Mondnacht!
„როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი“ – ამ ჭეშმარიტებას ვერსად გავურბივარ. საერთოდ ლექსის და პოეზიის არსი გალაკტიონშია კონცენტრირებული ჩემთვის. დანარჩენი უკვე სხვა განზომილებაა.
მყავს ნეტა მესამე საყვარელი პოეტი? ჯიმ მორისონზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ვთქვა, მესმის მაგრად მისი პოეზია თქო, სისულელე იქნება, უბრალოდ ვგიჟდები მის მუსიკაზე და ტექსტებიც თავისით მიჯდებოდა, როგორც ყოველთვის, თავში. ისეთები, როგორიც არის : When you’re strange, no one remembers your name..ან კიდევ: music is your special friend until the end.. და ან: For if we don’t find the next whisky bar/ I tell you we must die, I tell you we must die.. უფ, მაგრა გავერთე, წარსული გამახსენდა, და ეს კითხვაც ესე გავატარეე.. :)))
3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ჰერმან ჰესე.
იოჰან ვოლფგანგ ფონ გიოთე. (გოეთე მაგარი ხეპრული გამოთქმაა, რენაულტის ვარიანტია, მაგრამ ეხლა რაღას ვიზამთ, ყველა ქართველის თავში გოეთედ არის დამკვიდრებული..)
ეს ორი ისე, ყოველგვარი ზედმეტი დაფიქრების გარეშე. აი, მესამეზე ისევ ვიჭედები. მახსოვს, მორიაკზე ვაფრენდი ახალგაზრდობაში, ოღონდ იქიდან იმდენი დრო გავიდა, ალბათ ათ წელზე მეტია, აღარ წამიკითხავს. არადა, ზეპირად ვიცოდი ფრაზები, რომლებიც მომწონდა. ზუსტად იგივე შეეხება მოემს, თეკერეის, ჰემინგუეის.. შედარებით გვიანდელია – ზიუსკინდი ჩემს ცხოვრებაში. რომელი ამოვირჩიო ამათგან, არ ვიცი. გერმანელი იუდით ჰერმანი – აი, ეს კი კარგად მახსოვს, გერმანიაში ყოფნისას წავიკითხე და შევიყვარე. მაგარი ტიპია. ეს იყოს მესამე :) მაგარი სვეტი ბერლინელი მწერალია, კარგია რა. ნათარგმნიც არის ინგლისურადაც და რუსულადაც, так что, могу порекомендовать. უი, რუსები სულ რო არ გავიხსენე?! არადა – რა ვიცი, მაგათ გარეშე ლიტერატურა.. მაგრამ ეხლა აქ გავჩერდები, თორემ დომხალი გამოვა რაღაცა (თუ უკვე არ გამოვიდა..) რაც მთავარია, გავიხსენე, რომ ადრე მაინც ვკითხულობდი წიგნებს და დავწყნარდი :)))
4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
მე მგონი, ყველაზე ვტიროდი :)) რა ვიცი, დღეს ისე მაქვს გაფუჭებული უკვე ნერვები, რაღაც დებილური სიუჟეტის მქონე რეკლამაზეც კი შეიძლება ვიტირო (ვიცი, რომ მძიმე სიტუაციაა). მოკლედ, თუ წიგნში, განსაკუთრებით დასასრულისკენ, დამაგვირგვინებელი სევდიანი, ცრემლნარევღიმილიანი და ასე შემდეგ განწყობა იყო შექმნილი, ჩათვალეთ, რომ მე ცხარე ცრემლით ვტიროდი. ;)
5. რომელ წიგნს დასცინეთ?
ქეთქეთამ კოელიო ახსენა და მეც შევუერთდები, ოღონდ მე მის „ალქიმიკოსს“ გავაქილიკებ. თავიდან, რომ წავიკითხე, ვაღიარებ, რომ მეყო სიბანძე, ხმა ვერ ამომეღო, იმდენად აღფრთოვანებული და შეძრული იყო იმდენი ხალხი.. მაგრამ, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ამით ვერ ვიცხოვრებდი და ჩემი სათქმელი გავახმოვანე – ისეთი დეგენერატობაა, რომ გინდა სცემო მისი ტუტუცი ავტორი, რომელიც ფაქტიურად დასცინის ადამიანთა მოდგმას, ასეთ წიგნს რომ აკადრებს – უკიდურეს შემთხვევაში, სადმე ყდაზე წაეწერა მაინც, რომ ეს არის მის მიერ წაკითხული დიდი წიგნების დანალექი მისსავე გონებაში, რომლის საფუძველზე მან შექმნა ზემოხსენებული წიგნების ადაპტირებული ვერსია ნაკლებად განვითარებული ადამიანებისათვის.
მოკლედ, მეც მაგრად მივედ–მოვედე. :))
6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ჰესეს აქვს, ამიტომ გოეთეს.
უი, ეხლა კალოს კითხვარში ჩავიხედე და დოჩანაშვილს აძლევს ხმას ნობელის პრემიის ამბავში. ეგ როგორ დამავიწყდა. მეც, მეც ვეთანხმები, absolutely!
7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
უფ, სავსე მქონდა დღიურები ასეთი საყვარელი ციტატებით. აი, ერთი მათგანი:
„სნეული ადამიანები ჭეშმარიტად ყოველთვის უფრო არისტოკრატიულნი არიან, ვიდრე ჯანსაღნი, რამეთუ მხოლოდ სნეული ადამიანია ადამიანი, მისი სხეულის ყოველ ნაწილს თავისი ტანჯვის ისტორია აქვს, ზეშთაგონების ბეჭედი აზის.“ რავარია? :)) ჰაინრიხ ჰაინე გახლავთ, ქართულ თარგმანში, რაღა თქმა უნდა.
8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
(მამა) დიუმას დიდი მოტრფიალე ვიყავი ბავშვობაში, „სამი მუშკეტერი“ უფრო მიყვარდა ნეტავ თუ „გრაფი მონტე–კრისტო“? საკითხავი აი ეს არის :))) მოიცა, მოიცა, „ჯეინ ეარის“ მაგარი ფანიც ვიყავი თავის დროზე, ეს როგორ გამოვტოვო? ასტრიდ ლინდგრენზე ქეთქეთამ გადასარევად თქვა, მეც ძალიან მიყვარდა. პუშკინის მოთხრობებს ვკითხულობდი კიდევ სიამოვნებით. (უი, პოეტებში პუშკინი არ ვახსენე? ნუ ი დურა!) და კიდე ძაან მაგარი – (ერთსაც ვიტყვი და მოვრჩები მაიმუნობას) –„მხატვარ თხუპნიას კვიცი“. ვისაც ახსოვს, მაგრა გაეცინება.
9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
არცერთი. ასეთი პერსონაჟი ჯერ არ შექმნილა. იმედია, ჩემი რომელიმე თანამედროვე იზრუნებს ამაზე, თუნდაც ჩემი სიკვდილის შემდეგ :))))
10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არა, რა თქმა უნდა. ვის ექნება დათვლილი? ნუ, თუ ოთხი ან ხუთი გაქვს წაკითხული, ასეთ შემთხვევაში ადვილია დათვლა :D
გამოვტყდები, რომ ბავშვობაში მქონდა რვეული, რომელშიც ვიწერდი ყველა წაკითხული წიგნის სათაურს და ავტორს, და რამდენად მომეწონა ესა თუ ის წიგნი. :)) გარკვეული დროის შემდეგ შევწყვიტე იქ წერა. იმაშიც გამოგიტყდებით, რომ ეხლა ვიპოვე ის რვეული და ისეთი რაღაცეები მაქვს თურმე წაკითხული, რომ ხარხარი ამიტყდა. ერთ–ერთი ასეთი საინტერსო ავტორი გახლავთ ორდე დგებუაძე :))) აბა, ვინ არის? არც მე ვიცი.
–
ვინაიდან ამ თამაშის ტრადიციაშია ესტაფეტის სხვისთვის გადაცემა და ბლოგერი მეგობარი ვინც მყავდა, ყველას დაწერილი აქვს უკვე, არაბლოგერ თამუნა ვაჩნაძეს ვთაგავ, ფეისბუკი ხო აქვს, ხოდა იქ გაგვაცნოს თავისი პასუხები ზემოხსენებულ კითხვებზე. ჰა, თამუნა, რას იტყვი? :)